Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრმა ქვეყნის აეროგადაღება დაასრულა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღების სამუშაოები დაასრულა.

მიღებულ ზუსტ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდება სიმაღლური მოდელი და ორთოფოტოგეგმები,   რომლებსაც საჯარო რეესტრი კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად და სხვ მრავალი დანიშნულებით გამოიყენებს.   

პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“, რომლის დაფარვის არეალი დაახლოებით  40 000 კვ.კმ. შეადგენს,    საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK)  ხელშეწყობით ახორციელებს.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და  ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაწყებამდე,  საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ (2000, 2005 და 2010 წწ.)განხორციელდა.  თუმცა, სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, სამუშაოები სპონტანურად წარმოებდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებით იყო შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.