Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს უკრაინის დელეგაცია გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ  პაპუნა უგრეხელიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა დელეგაციის წევრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები, სააგენტოს პრიორიტეტული მიმდინარეობები და  მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინეს. 

უკრაინელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებს, სააგენტოს IT ინფრასტრუქტურას, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობას, ასევე სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ელექტრონული რუკების შექმნის პროექტებს.  

დელეგაციის განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.  

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, უკრაინის სახელმწიფო მიწის კადასტრის დეპარტამენტის დირექტორის იგორ სლავინის ხელმძღვანელობით, თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებენ,  მიწის ელექტრონული აუქციონის სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას დაესწრებიან და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ბიტკოინის მონაცემთა ცენტრს მოინახულებენ.