Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის დონორი პროექტების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საკოორდინაციო შეხვედრაზე დონორი პროექტების წარმომადგენლებმა მონაწილეებს  შესრულებული საქმიანობები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა, ასევე,  საქმიანობის ის მიმართულებები განიხილეს, რომლებიც დონორი პროექტების მხრიდან შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებენ.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით საჯარო რეესტრში განხორციელებულმა პროექტებმა ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„დონორი პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა საჯარო რეესტრს საქმიანობის ეფექტიანად  წარმართვაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უკვე მიღწეული მრავალი წარმატებისა, საჯარო რეესტრი  კიდევ არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელშიც დონორი ორგანიზაციების  მხარდაჭერა და ჩართულობა, საქმიანობის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ამჟამად საჯარო რეესტრში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით 4 პროექტი მიმდინარეობს:   

  • შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტს „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“, საჯარო რეესტრი შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან (Lantmateriet) ერთად ახორციელებს. პროექტი უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, ინფორმაციისა და  სერვისების  სანდოობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 
  • ნორვეგიის მთავრობის პროექტს “რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო” საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (Statens Kartverk) ერთად ახორციელებს.  პროექტი საქართველოს  ტერიტორიის 2/3-ის აეროგადაღებას, ორთოფოტო რუკების შექმნასა და მათ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. 
  • ევროკავშირის პროექტს "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა  საქართველოში" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მოიცავს საჯარო რეესტრისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. 
  • „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის  ხელშეწყობით ახორციელებს. სისტემური რეგისტრაციების საპილოტე პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ 12 სოფელში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.