Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის 4-წლიანი ანგარიში

 

2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე

მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

2016 წლის 1 აგვისტო - დაიწყო მესაკუთრის უფლების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა. მნიშვნელოვნად გამარტივდა რეგისტრაციის პროცედურები, მოიხსნა სამართლებრივი, ფინანსური და სხვა ბარიერები. რეფორმის შედეგად, ჩვენი სააგენტო მოქალაქის რეალური პარტნიორი და მრჩეველი გახდა

ამავე რეფორმის ფარგლებში შემუშავდა საკადასტრო აზომვითი სამუშაოების შესრულების ახალი სტანდარტი და დამტკიცდა ნახაზის ფორმა, რაც ჩვენს ქვეყანაში  მონაცემთა წარმოებას ერთგვაროვანი და მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს

2016 წლის 1 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე, 53 000 მოქალაქის მიწის რეგისტრაციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (სპორადული), რაც ამავე პერიოდში 2010 წელს იყო 13 000, 2013 წელს 25 000, ხოლო 2015 წელს კი - 27 000. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 53 000 რეგისტრაციისთვის მოქალაქეს სახელმწიფოსთვის საფასური არ გადაუხდია

ახალი ტექნოლოგიები მოქალაქის სამსახურში კვლავ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

2013-2016 - ჩვენს IT ინფრასტრუქტურაში დაინერგა ღია ტექნოლოგიები და „ღრუბლოვანი ტექნოლოგია“, რამაც დაახლოებით 4-ჯერ   შეამცირა  ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ოპერირების ღირებულება

2013-2016 - განვითარდა ჩვენი ვებსერვისები, რომლის მეშვეობითაც მონაცემები 20-ზე მეტ კერძო ორგანიზაციას მიეწოდება. www.napr.gov.ge შინაარსობრივად გამდიდრდა და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა. ვიზიტორების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 5 მილიონს შეადგენს

2016 - ვახორციელებთ პროექტს, რომლის შედეგადაც საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს უახლეს და უსაფრთხო ბლოკჩეინ სისტემას (Blockchain Technology) უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში დანერგავს. 

 სერვისის გაუმჯობესება ჩვენი მუდმივი საზრუნავია

2013-2016 - შემუშავდა აეროგადაღების განხორციელების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და საერთაშორისო დონორების დახმარებით დაიწყო საქართველოს ტერიტორიის აერო- და კოსმოსური სურათების გადაღება. 2016 წლის ბოლოსათვის საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტი დაფარული იქნება მაღალი ხარისხის გამოსახულებებით 

2014 - კანონის თანახმად შეიქმნა მუნიციპალიტეტების ელექტრონული რეესტრი

2014 - ახალი სტანდარტებისა და უცხოური გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა პირველი ქართულენოვანი გეოდეზიური მარკა

2013-2016 - GoogleMaps-ზე განთავსდა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით: საავტომობილო გზათა ქსელის 40 %,  3500 დასახლებული პუნქტი, 400 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჰიდროგრაფიული ქსელის 60%, სარკინიგზო ქსელისა და ინფრასტრუქტურის 100%, 125 000 შენობა-ნაგებობა.

2015-2016 - იუსტიციის მინისტრის ინიციატივით სრულად შევცვალეთ ადმინისტრაციული პრაქტიკა და მიდგომები მოქალაქესთან ურთიერთობაში. თითოეული ადმინისტრაციული აქტი მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე საბუთდება, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას პრიორიტეტს ზეპირ მოსმენას, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებას ვანიჭებთ. შედეგად, სააგენტოში დაშვებული ხარვეზი სააგენტოშივე სწორდება. ასევე შეიცვალა ჩვენი მიდგომა სასამართლო დავებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო პროცესზე ჩვენი წარმომადგენელი აქცენტს დავის მოგვარებაზე აკეთებს. 

2013-2016 - სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხაშურის, ბაღდათის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, ცაგერის ფილიალებს; აშენდა მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრის (Data centre) შენობა, რაც სერვისის უწყვეტობის გარანტიაა

2016 - ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერ კომპანია TomTom-თან. ჩვენ მიერ წარმოებულ გეოგრაფიულ მონაცემებს TomTom-ი ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციაში, ავტომობილების ბორტკომპიუტერების სანავიგაციო სისტემებსა და სხვა პროდუქტებში გამოიყენებს

2016 - კანონის თანახმად, შეიქმნა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი

2016 - შეიქმნა და ჩვენს ვებგვერდზე განთავსდა პოლიტიკურ პარტიათა ელექტრონული რეესტრი

2016 - დაიწყო საჯარო რეესტრის ახალი სათავო ოფისის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები  

დაცული ქაღალდის დოკუმენტი საკუთრების უფლების დაცულობის გარანტიაა

2014 - აშენდა და გაიხსნა ცენტრალური არქივის ახალი თანამედროვე შენობა ლილოში, სადაც ქაღალდის დოკუმენტაციის შენახვისათვის უსაფრთხო პირობებია შექმნილი 

2013-2015 - დასრულდა ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში გაფანტული ქაღალდის დოკუმენტაციის აღწერა/სისტემატიზაცია; საარქივო მასალა (217 ათასი საქაღალდე) ერთიანი სტანდარტით დამუშავდა და განთავსდა ცენტრალური არქივის შენობაში 

2014-2016 - უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებათა დამუშავების, მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და უძრავი ნივთის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნის („უძრავ ნივთზე უფლებების ისტორია“) სტრატეგიული პროექტის მასშტაბები გაიზარდა - საქართველოს 54 მუნიციპალიტეტის დოკუმენტაცია სრულად იქნა ელექტრონულად დამუშავებული (112 ათასი საქაღალდე). დანარჩენი 10 მუნიციპალიტეტის დოკუმენტებზე მუშაობა 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს 

2016 - დასრულდა ყოფილ „ტექბიუროთა“ ქაღალდის დოკუმენტაციის ჩამოტანა თბილისში და მათი ციფრულ ფორმატში გადატანა (22 ათასი საქაღალდე)

2016 - დასრულდა ინდმეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა/სისტემატიზაცია და გაციფრულება; შექმნილი ელექტრონული არქივი ჩვენს ვებგვერდზე განთავსდა