Phone
consultation hotline
ტექნოლოგიური რეფორმა

საჯარო რეესტრის სააგენტოს ჩამოყალიბების ეტაპზე, საკანონმდებლო, ინსიტუტციური და ადმინსიტრაციული ცვლილებების პარალელურად, ერთი მხრივ არსებული მომსახურების გაუმჯობესების და მეორე მხრივ დამატებითი სერვისების შეთავაზების მიზნით, საჭირო გახდა სააგენტოს საქმიანობაში  თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც სარეგისტრაციო სისტემის განვითარებასა და წარმატებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა, სწორედ ტექნოლოგიური რეფორმა იყო.  

2007 წელს, როდესაც საჯარო რეესტრში ტექნოლოგიური რეფორმის განხორციელება აქტიურ ფაზაში შევიდა, სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პირველ რიგში, აქცენტი ეფექტური IT გუნდის ჩამოყალიბებაზე გაეკეთებინა. სწორედ ამ გუნდის და რეფორმის დახმარებით საჯარო რეესტრი  იქცა ქვეყანაში პირველ ადმინისტრაციულ ორგანოდ, რომელშიც  ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება. 

2007 წელს ქონების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში, განსაკუთრებით საქართველოს იმ ქალაქებსა და რაიონებში, რომლებიც ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ, რიგებს იწვევდა. რიგები კი  თავად სარეგისტრაციო სამსახურის მუშაობასაც აფერხებდა და მომხმარებელსაც სასურველი მომსახურების მისაღებად დიდ დროს აკარგვინებდა. საჭირო იყო სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივება და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვა, რაც მომხმარებლის დროსა და ხარჯებს შეამცირებდა, ამავდროულად კი რიგების პრობლემასაც აღმოფხვრიდა.   

პარალელურად, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალიზაციის პირობებში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიაზე მოთხოვნა იზრდებოდა.  სწრაფად ცვალებადმა გარემომ  ქონების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ორგანოები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საჭირო გახდა მომხმარებელთათვის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიზნით  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  სხვადასხვა  პროგრამული გადაწყვეტილებები და ელექტრონული მონაცემთა ბაზები შეიქმნა. 

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები  კომპიუტერული ტექნიკით,  ინტრანეტითა და ინტერნეტით აღიჭურვა. 2006 წლიდან კი ინტენსიურად დაიწყო ელექტრონული პროგრამების ამოქმედება. შედეგად, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რაიონებში ჩაუსვლელად, ელექტრონულად მიიღონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერი მომსახურება. მას შემდეგ, რაც ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები მთლიანად გადავიდნენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, სარეგისტრაციო პროცედურები მოქალაქეთათვის მნისვნელოვნად დაჩქარდა და გამარტივდა.