ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ხშირად დასმული კითხვები
  • რა მიიჩნევა ეკონომიკური საქმიანობად და როდის ვარ ვალდებული დავარეგისტრირო განხორციელებული საქმიანობა? 

ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 

  •  რა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის? 

სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის  რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის   რეგისტრაციის შესახებ და სათანადო წესით შევსებული  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაცია. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონული სახით და შევსებული უნდა იყოს იმ თანმიმდევრობითა და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ზემოაღნიშნულ კლასიფიკატორში. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე და მონაცემები სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ. ასევე წარდგენილ უნდა იქნას, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს) .

  • რომელი სუბიექტების საქმიანობის რეგისტრაცია ხორციელდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ? 

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირდება არა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირთა (ი/მ, შპს, სს, სპს, კს, რკ, ააიპ, რელიგიური ორგანიზაციები) ეკონომიკურ საქმიანობები, არამედ, ყველა იმ პირის ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც გარკვეული სამართლებრივი ფორმით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში (მაგ.: გადასახადის გადამხდელები (ე/წ ფიზიკური პირები), მიკრო მეწარმეები, ამხანაგობები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვ.). მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელთა რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით, ეს შესაძლებელია იყოს პირადი 11-ნიშნა კოდი ან 9-ნიშნა კოდი.

  • რას ასახავს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან? 

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 

  • რა ვადით ითვლება საქმინობათა სახეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულად?

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ერთი წლით რეგისტრაციის მომენტიდან. ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა მოთხოვნა წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ. 

  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, რა მოიაზრება სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ ინფორმაციაში ? 

ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება  საქმიანობის კონკრეტული სახე, შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის  მიერ ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა რამდენიმე საქმიანობის ადგილზე, განცხადებაში მითითებული უნდა იქნას თითოეული საქმიანობის სახე საქმიანობის ადგილის (მისამართი) მიხედვით. თუ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული ეკონომიკური საქმიანობის  ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის  კონკრეტული სახე, მიიჩნევა,  რომ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის სახე ხორციელდება სუბიექტის იურიდიულ მისამართზე. 

  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის რა ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული ინფორმაცია? 

სათანადო წესით შევსებული ინფორმაცია შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული სახით. ელექტრონული სახით  წარმოდგენილი ინფორმაცია, უნდა იქნეს ისეთი ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ცხრილის სახით - xlsx, cvs, ან მსგავსი ფორმატი; კოდირება UTF8), რაც შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. 

  • როგორ უნდა შევავსო საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული ინფორმაციის შემცველი სარეგისტრაციო დოკუმენტი?

ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით მინიჭებული შესაბამისი ნომრის (სექციის, განყოფილების, ჯგუფის, კლასისა და ქვეკლასის ნომრის) აღნიშვნით და კონკრეტული საქმიანობის ადგილი (მისამართი). 

  • წარმომეშვება თუ არა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართი) ცვლილებისას და ვის უნდა ვაცნობო აღნიშნულის თაობაზე?

ეკონომიკური საქმიანობის  ადგილის (მისამართი) ცვლილების შემთხვევაში სუბიექტი  ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და წარუდგინოს მას ელექტრონული ფორმით შედგენილი, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული საქმიანობების სახისა და საქმიანობების ადგილის (მისამართი) შესახებ ინფორმაცია. 

  • როგორ უნდა მოვიქცე თუ რეგისტრირებული ვარ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და შევწყვიტე ერთ-ერთი რეგისტრირებული საქმიანობის განხორციელება? 

სუბიექტი  ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი, რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები). 

  • ვახორციელებ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას შემიძლია თუ არა შემვწყვიტო საქმიანობა და შემდეგ გავაუქმო რეგისტრაცია?

სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ეკონომიკურ საქმიანობის შეწყვეტა ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დასაშვებია სააგენტოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 

  • შესაძლებელია თუ არა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული საქმიანობის სახის რეგისტრაციის გაუქმება ?

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია გაუქმდება თუ სუბიექტი  მიმართავს სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია გაუქმდება ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 

  • რეგისტრირებული ვარ ბიზნესოპერატორად. გამიუქმდება თუ არა აღნიშნული რეგისტრაცია და როდიდან მეკისრება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება?

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებამდე, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით’’ გათვალისწინებული ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრირებული სუბიექტების მიმართ  რეგისტრაციის ერთწლიანი ვადა აითვლება 2016 წლის 2  სექტემბრიდან. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები ვალდებული არიან  საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში განხორციელონ 2017 წლის 2 სექტემბრიდან.