ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საჯარო რეესტრის სისტემაში შეიქმნა ახალი რეესტრი, რომელიც მოახდენს ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციას. ცვლილებები ძალაში 2016 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაცია მიზნად ისახავს ევროკავშირის დირექტივების, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების და საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მოთხოვნათა და რეკომენდაციათა აღსრულებას. ქვეყანაში ერთიანი საქმიანობის რეესტრის ფორმირება, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის ბაზრის კვლევას, ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვას, უზრუნველყოფს უტყუარი სტატისტიკის წარმოებას ქვეყანაში.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ჩამოყალიბება და ეკონომიკური საქმიანობების სახეების კლასიფიკატორის ევროპული სტანდარტის გამოყენება უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე ბიზნესის შესახებ საიმედო სტატისტიკური მონაცემების შექმნას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებთ მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას და მისცემს საშუალებას მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი წარმოადგენს რეგისტრირებულ ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის შესეხებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემების ერთობლიობას.

მეწარმეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულული არიან მოახდინონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი განახორციელებს მეწარმეების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ეკონომიკურ საქმიანობათა და მათი განხორციელების ადგილის (მისამართის) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა, რეგისტრირებულად ჩაითვლება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები განისაზღვრება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ეროვნული კლასიფიკატორით. ამავდროულად, სუბიექტი უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ ეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული საქმიანობის სახეების რეგისტრაცია.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით,  კანონმდებლობით დადგენილია სუბიექტის ვალდებულება, მიაწოდოს მარეგისტრირებელ ორგანოს დაზუსტებული ინფორმაცია მისი საქმიანობის კონკრეტული სახეებისა (საქმიანობის ქვეკლასებისა)  და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ.

სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის  რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის   რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებულ საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მყოფი ინფორმაცია საქმიანობის კონკრეტულის სახეებისა და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ ელექტრონული ფორმით.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ასახავს ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ძალაში მყოფ  მონაცემებს. ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ამონაწერის მომზადების გზით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სუბიექტის საქმიანობისა სახეებისა და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას. 

ეკონომიკურ საქმიანობათა სახეები იყოფა ორ კატეგორიად: 

  1. სავალდებულო სარეგისტრაციო - საქმიანობათა ის სახეები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. 
  1. ნებაყოფლობითი - საქმიანობათა სახეები, რომლის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. 

სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის: 

  • ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან 
  • ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები. 

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ. ამგვარი რეგულირება მიზნად ისახავს უზრუნველყოს მონაცემთა განახლება და რეგისტრირებული სუბიექტის მიერ  რეალურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეესტრში ზუსტი, სანდო მონაცემების ასახვა მესამე პირებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით.

ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებამდე, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.