Phone
consultation hotline
ისტორია

2004 წელს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში ახლებური, წარმატებული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა, თუმცა უწყების წარმატებას წინ ხანგრძლივი ევოლუციის პერიოდი უძღოდა.  

1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში სახელმწიფომ  უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით,  მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა. ამ ნაბიჯით საქართველოში რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო.  მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომელიც თვითმმართველობების დაქვემდებარებაში იყო,  ინერციით კვლავ განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებდნენ. სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა  უწყებები ასრულებდნენ, ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია. ამ პირობებში დარგის განვითარების ერთიან პოლიტიკაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. 

2004 წელს   მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოგვიანებით კი  ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებიც გაუქმდა. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე გადანაწილდა. მიწის ადმინისტრირების ფუნქცია და ტექბიუროებში დაცული ინფორმაცია კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადმოეცა. ამ ცვლილებებმა სააგენტოს საშუალება მისცა, უფრო მეტად მოქნილი და კონკრეტულ სფეროზე ფოკუსირებული გამხდარიყო.  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწესრიგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, თუმცა მას მემკვიდრეობით მძიმე პრობლემები ერგო: არ არსებობდა უწყების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამართული ინფრასტურქტურა, მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, ორგანიზაცია განიცდიდა მაღალკვალიფიციური, რეფორმებზე ორიენტირებული კადრების დეფიციტს, რაც  მომსახურების დაბალ კულტურას და კორუფციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებდა. რიგები და მიუღებელი პასუხები მომხმარებელთა მხრიდანაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ფრაზა  - „ქონების რეგისტრაცია“ ყოველთვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა.  

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. ამ მიზნით უწყებაში ძირეული ცვლილებები დაიგეგმა და რეფორმების გატარება ოთხი ძირითადი - საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულებებით დაიწყო. მთავარი აქცენტი სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე გაკეთდა.  

რეფორმის თანმდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უწყებაში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, რეფორმებსა და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება განისაზღვრა. 

დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქმედი სისტემა სამაგალითოა ბევრი სახელმწიფოსთვის. უწყების ეფექტური მუშაობა კი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება. 

 

საჯარო რეესტრის თავმჯდომარეები   2004-2013