ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მისამართების რეესტრი

საჯარო რეესტრის სააგენტოს სამისამართო რეესტრის წარმოების ფუნქცია 2011 გადაეცა. საწყის ეტაპზე მის ძირითად ფუნქციას გეოგრაფიული ობიექტების, მათი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება, ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნა და მისი წარმოება წარმოადგენდა.

2012 წლიდან სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალ გეოგრაფიულ ობიექტებზე ნუმერაციის წარმოების ფუნქცია გადმოეცა. დადგინდა ნუმერაციის მინიჭების ერთიანი წესი, გამგეობებში არსებული ინფორმაცია  ერთი ორგანოს მმართველობის ქვეშ მოექცა. მოქალაქეებისთვის უძრავ ქონებაზე ნომრის მინიჭების და დუბლირებულ მისამართებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდა. მოქალაქეებს ნომრის მინიჭებისათვის აღარ სჭირდებათ მისამართების შესახებ ფასიანი ცნობების აღება, განახლებული ინფორმაციის ამონაწერში ასახვა მოქალაქეთათვის უფასო გახდა, შემცირდა მომსახურების ვადები. 

მისამართებზე განცხადებების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დამისამართების სისტემით, უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მისამართი მიენიჭა, ათასობით მოქალაქემ შეძლო პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

2013 წლის სექტემბრიდან  სამისამართო სამსახურს თბილისში მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირებაც დაევალა.

დამისამართების პროექტი ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის სრულყოფას და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება. დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება მიენიჭება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.