მემორანდუმი

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ის თანამშრომლობის ფარგლებში მოქალაქეებისთვის სერვისებზე წვდომა გამარტივდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ის ბენეფიციარებისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში დაცული ინფორმაცის მარტივად მოძიებას . ასევე, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერას, რაც ითვალისწინებს წვდომას ონლაინ სერვისებზე.

ურთიერთთანამშრომლობა საჯარო უწყებებს შორის ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას - ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას.

მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ და სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ის დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა მოაწერეს.

„ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მეწარმეთა რეესტრში დაცულ მონაცემებზე „აწარმოე საქართველოს“ ექნება ელექტრონული ხელმისაწვდომობა. კომპანიებს აღარ დასჭირდებათ ინფორმაციის საჯარო რეესტრიდან გამოთხოვა და შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის „აწარმოე საქართველოსთვის“ წარდგენა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროსა და ფინანსებს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კომპანიებს აქვთ ვალდებულება, გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე. საჯარო რეესტრი დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, რეალურ დროში მიაწვდის აწარმოე საქართველოს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც გაიარეს ხელახალი რეგისტრაცია და რეგისტრირებული მონაცემები მოიყვანეს ახალ კანონთან შესაბამისობაში“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, აგრძელებს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მეწარმეებს, წამოიწყონ ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. აღნიშნული მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.