GITI 2022 ჯილდო

საჯარო რეესტრის IT პროექტმა „ელექტრონული ოქმის აპლიკაცია“ GITI 2022-ზე ჯილდო მიიღო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT პროექტი - ელექტრონული ოქმის აპლიკაცია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონკურს “GITI 2022-ზე”, ნომინაციაში წარმატებული IT ინოვაცია, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში, ყველაზე ინოვაციურ IT პროდუქტად დასახელდა.

საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი ელექტრონული ოქმის აპლიკაციის დახმარებით, მიწის რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვნად გამარტივდა საამზომველო პროცედურები, შედეგად კი მოქალაქეებს ორჯერ სწრაფად შეუძლიათ სასურველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე, რომელიც წელს მეთორმეტედ ჩატარდა, საჯარო რეესტრი ყოველწლიურად სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ხდება.

წლევანდელ ღონისძიებაზე, ელექტრონული ოქმის აპლიკაციის გარდა, საჯარო რეესტრს სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ჰქონდა ინტერაქტიული რუკის - Maps.gov.ge-ის აპლიკაცია და გონიერი კონტრაქტების კონცეფცია.

„ICT-ის“ ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით ჩატარებულმა ღონისძიებამ, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციები იღებენ, რომლებიც კონკურსის ფორმატში წარადგენენ IT პროდუქტებს/სერვისებს.