აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი

აზერბაიჯანის კოსმოსური (Azercosmos) სააგენტოს წარმომადგენლები საჯარო რეესტრის გეოდეზიურ და გეოინფორმაციულ პროექტებს გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კოსმოსური (Azercosmos) სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს ქვეყნის სატელიტური გადაღების პერსპექტივა, რომელიც ქართულ მხარეს დაეხმარება, ამ ეტაპისთვის საქართველოს მიუწვდომელ ტერიტორიებზე კოსმოსური გადაღების განხორციელებაში.

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო აზერბაიჯანის კოსმოსური სააგენტოს მიღწევებსა და საქართველოს სატელიტური გადაღებების -დისტანციური ზონდირების - შესაძლებლობებს.

აზერბაიჯანელ სტუმრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი - ივანე ცარციძე, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი - ირაკლი გოცაძე, ამავე სამსახურის კოორდინატორი - გალაქტიონ ხახუბია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - მარი ხარძიანი შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კოსმოსური სააგენტოს (Azercosmos) კომერციული დირექტორი, იოლჩუ გასანოვი და ამავე სააგენტოს რეგიონალური მენეჯერი, ისლამ ისმაილოვი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი 2010 წლიდან აქტიურად ახორციელებს ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ეროვნული მასშტაბის პროექტებს.

მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფოსთან ხელს შეუწყობს საქართველოში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის თანამედროვე მიმართულებების განვითარებასა და სფეროს გაძლიერებას - რეგიონულ და გლობალურ დონეზე.