საინფორმაციო შეხვედრა კასპში

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მომდევნო სამ თვეში კასპის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი აიზომება

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ კასპში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტთან კოორდინირებულად მუშაობის მიზნით გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტში მომდევნო3 თვეში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ყველა სოფელი. კასპში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე აზომვით სამუშაოებში ჩაერთვება უძრავი ქონების 84 ამგეგმავი და 4 საჯარო გამომცხადებელი.

სამუშაო შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ, თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ბოხაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule