შეხვედრა IMF წარმომადგენლებთან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების შეფასებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სწრაფი პროგრესით გამოირჩევა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სააგენტოში მიმდინარე და დასრულებული რეფორმები დეტალურად განიხილეს.

შეხვედრის ფორმატში განიხილებოდა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რეფორმის წარმატებით მიმდინარეობა და სტატისტიკური მონაცემები. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე აიზომა 850 000-ამდე და დარეგისტრირდა 650 000-ამდე მიწის ნაკვეთი. ამასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორებიც არის ელექტრონული ოქმი და პროცესის სრული ელექტრონიზაცია.

სააგენტოს ხელმძღვანელმა - დავით დევიძემ დეტალურად განიხილა რეფორმა/პროექტი ,,დამისამართებული საქართველო“. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა სოფელი, დაბა და ქალაქი დამისამართდა. განხორციელდა დასახლებების საზღვრების იდენტიფიცირება, დამუშავდა 60 მუნიციპალიტეტის 3692 დასახლების საზღვარი. ხელი შეეწყო ქუჩების სახელდებას. დამუშავდა და ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის გზით შეიქმნა 45 692 ქუჩა, შესახვევი და ჩიხი (ჯამში 20 169 კმ.).

შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო ევროკავშირის დირექტივებთან სააგენტოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის შესაბამისობას, რომლის ფარგლებში 200 000-ზე მეტ სუბიექტს გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია, ასევე, კითხვები დაისვა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაზეც (NSDI).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების შეფასებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მიმდინარე რეფორმები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვისაც, რაც აუცილებლად აისახება მისიის ანგარიშში. რაც შეეხება სააგენტოს წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ სააგენტოს მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფენ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ზრდას, საკუთრების უფლების დაცულობასა და აგრარულ დარგში ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს საინტერესო საკითხების დეტალურად განხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველო 1992 წლის 5 მაისს შეუერთდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ეკონომიკისა და ფინანსური სტაბილურობის გასაძლიერებლად.