ანგარიშის წარდგენა

საქართველოში სოფლის მეურნეობის, წყლისა და მიწის პოლიტიკის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საზოგადოებას მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში წარედგინა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში – „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით” სოფლის მეურნეობის დარგის და მიწის ბაზრის განვითარებისთვის ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები არის შეჯამებული. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ხანიშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წყლის პრაქტიკის ხელმძღვანელი - უინსტონ იუ და პროგრამის ლიდერი - აბდულაზიზ ფაგი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ სიტყვით გამოსვლისას მიწის სისტემური რეგისტრაციის მნიშვნელობაზე, მაღალი სტანდარტის ციფრული მონაცემების ხელმისაწვდომობასა და მიწის ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წამყვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მსოფლიო ბანკი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ მიმდინარეობს.