სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სისტემური რეფორმის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეფორმის მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები.

საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტის მერი - მამუკა წოწერია და შესაბამისი სამსახურის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მომდევნო თვეებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში სრულად აიზომება და დარეგისტრირება ყველა მიწის ნაკვეთი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 808 777 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 619 225 მიწის ნაკვეთზე.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule