საქართველოს რუკები

რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2014 წლიდან დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან, კერძოდ, გეოსივრცითი მონაცემების წარმოების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების მიმართულებით. ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ შედეგად, შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის ორთოფოტოები, რელიეფის ციფრული მოდელი და ციფრული საბაზისო რუკები. პროექტს 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბაზისო გეოგრაფიული მონაცემებისა და ტერიტორიული არეალებისთვის მაღალხარისხიანი ციფრული ვექტორული რუკების შექმნას ითვალისწინებდა. ასევე, შეიქმნა ვებ გვერდის MAPS.GOV.GE -ის მობილური აპლიკაცია “Georgia Maps”. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ფარგლებში შესრულებული მასშტაბური აეროგადაღების (40000 კვ.კმ. - 2016-2017 წწ., 9000 – 2020წ.) შედეგად, საქართველოს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის, საბაზისო გეოგრაფიული მონაცემები – რელიეფის ციფრული მოდელი და ორთოფოტო, რასაც არაერთი უწყება იყენებს გეოგრაფიული მონაცემების წარმოების საფუძვლად, აგრეთვე - ციფრული, საბაზისო რუკა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნორვეგიულ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა. მოწვეულ სტუმრებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ, MAPS.GOV.GE -ის მობილური აპლიკაციის „GEORGIA MAPS“ პრეზენტაცია წარუდგინა და ნორვეგიულ მხარეს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის მონაწილეებს პროექტის „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ შედეგები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ გააცნო. ასევე, სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია „ციფრული რუკები“ და „IGIF-ის გამოყენება ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურისათვის“. დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰელენ სანდ ანდერსენი, ნორვეგიისა და მოლდოვის დელეგაციის საერთაშორისო ექსპერტები , საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.