EuroGeographics ვიზიტი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი “EuroGeographics”-ის გენერალურ ასამბლეაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის “EuroGeographics”-ის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გაიმართა ქალაქ სარაევოში. “EuroGeographics"-ის გენერალურ ასამბლეაზე წევრებმა ასოციაციის დებულების შესაბამისად, კენჭი უყარეს მომავალი წლის ბიუჯეტს, განიხილეს საოპერაციო გეგმა, აირჩიეს დირექტორთა საბჭო, პრეზიდენტი და დაამტკიცეს ახალი წევრი პარტნიორების განაცხადები. “EuroGeographics”-ის გენერალური ასამბლეა ევროპის გეოგრაფიული საზოგადოების უმნიშნელოვანესი ღონისძიებაა. “EuroGeographics” ევროპული ქვეყნების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის ეროვნული სააგენტოების ქოლგა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 46 ქვეყნის კარტოგრაფიისა და კადასტრის 60 ეროვნულ სააგენტოს. „ევროგეოგრაფიკსის“ საქმიანობა ევროპის სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისკენ არის მიმართული და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან, მათ შორის: ევროსაბჭოსთან, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან. „ევროგეოგრაფიკსის“ გენერალურ ასამბლეაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ მონაწილეობა მიიღო მომავალი წლის ბიუჯეტის კენჭისყრაში. 2010 წლიდან ”EuroGeographics”-ის წევრია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და წარმოადგენს საქართველოს შესახებ ინფორმაციის ერთადერთ ოფიციალურ და ვალიდურ წყაროს ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტებისთვის (ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ევროკომისია). ”EuroGeographics”-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის ინიციატივების, პროექტების განხორციელებასა და ევროკავშირის პოლიტიკის გატარებაში. გენერალური ასამბლეა იმართება წელიწადში ერთხელ.